1. საერთო პირობები
1.1. „თეგეტა“ (შემდგომში - „გამყიდველი“/„კომპანია“) გარანტიას იძლევა, რომ საგარანტიო ვადის განმავლობაში „კომპანიაში“ შეძენილი აკუმულატორი (შემდგომში - „პროდუქცია“) არ გამოავლენს ქარხნულ წუნს, ხოლო ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე სრულად აღმოფხვრის მას წინამდებარე პირობებით დადგენილი წესით.
1.2. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის, ქარხნული წუნი ეწოდება „პროდუქციის“ საწარმოო დეფექტს, რომელიც დასტურდება „პროდუქციის“ მწარმოებლის მიერ.
1.3. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება „პროდუქციის“ ბუნებრივი ცვეთით, არასწორი ექსპლუატაციით ან მექანიკური დაზიანებით გამოწვეულ დეფექტებზე.
1.4. გარანტიის პირობები ვრცელდება მხოლოდ „კომპანიაში“ შეძენილ და დამონტაჟებულ „პროდუქციაზე“.
2. საგარანტიო ვადა
2.1. „პროდუქციის“ საგარანტიო ვადა განისაზღვრება 6-დან 24 თვემდე პერიოდით, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ინდივიდუალურად, „პროდუქციის“ მწარმოებლის რეკომენდაციის საფუძველზე, „პროდუქციის“ მწარმოებელი ბრენდისა და იმ ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რომლისთვისაც ხორციელდება „პროდუქციის“ შეძენა. საგარანტიო ვადის შესახებ „მყიდველს“ ეცნობება საგარანტიო დოკუმენტის გადაცემის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით.
2.2. საგარანტიო ვადის ათვლა იწყება „პროდუქციის“ „მყიდველისთვის“ საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. „მყიდველისათვის“ „პროდუქციის“ საკუთრებაში გადაცემის თარიღი „გამყიდველის“ წარმომადგენლის მიერ ფიქსირდება საგარანტიო დოკუმენტში, „პროდუქციის“ შეძენის ინვოისში ან „კომპანიის“ მიერ გაცემული „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში.
3. საგარანტიო ვალდებულებების შესრულების პირობები
3.1. „პროდუქციის“ ექსპლუატაციის დროს რაიმე სახის შეფერხების გამოვლენისთანავე „მყიდველი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს „გამყიდველის“ სერვის-ცენტრს მისი აღმოფხვრის მიზნით. ამასთანავე, „მყიდველი“ ვალდებულია „გამყიდველის“ ნებისმიერ სერვის-ცენტრს მიმართოს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების რეგულარული სავალდებულო სარეგლამენტო შემოწმების მიზნით ყოველ 6 თვეში ერთხელ.
3.2. საგარანტიო ვალდებულებები „გამყიდველს“ წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველი“ დაიცავს წინამდებარე გარანტიის პირობებს და დაზიანებულ „პროდუქციას“ „გამყიდველს“ წარუდგენს პირადობის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტთან, შესაბამის სატრანსპორტო საშუალებასა და „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.
3.3. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულება გულისხმობს „პროდუქციის“ შეკეთებას, შეცვლას/ჩანაცვლებას (შეკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში) და მის მონტაჟთან/დემონტაჟთან დაკავშირებულ უფასო მომსახურებას, ან „პროდუქციის“ ღირებულების „მყიდველისთვის“ ანაზღაურებას (იმ შემთხვევაში, თუ „გამყიდველი“ ვერ უზრუნველყოფს „პროდუქციის“ შეკეთებას ან შეცვლას/ჩანაცვლებას).
3.4. საგარანტიო ვალდებულებების შესრულების მიზნით, „მყიდველი“ ვალდებულია „პროდუქცია“ გადასცეს „გამყიდველს“ არანაკლებ 3 (სამი) სამუშაო დღის ვადით.
3.5. იმ შემთხვევაში, თუ „პროდუქცია“ საგარანტიო პერიოდში შეიცვლება ახლით, „პროდუქციის“ საგარანტიო ვადა დარჩება უცვლელი.
3.6. „პროდუქციის“ გაუმართაობით (საგარანტიო პერიოდში) გამოწვეული პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური დანახარჯები, რაც მიადგება „მყიდველს“, „გამყიდველის“ მიერ არ ანაზღაურდება.
3.7. თუ შემთხვევა „გამყიდველის“ მიერ დაკვალიფიცირდება „საგარანტიო შემთხვევად“, აღნიშნულის თაობაზე „გამყიდველი“ შესაბამის დასკვნას ასახავს რეკლამაციის აქტში „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP). დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დაზიანებული „პროდუქცია“ ექვემდებარება აღდგენას/შეკეთებას, აუცილებელია მისი შეცვლა/ჩანაცვლება სხვა „პროდუქციით“ თუ „მყიდველს“ უნდა დაუბრუნდეს „პროდუქციის“ ღირებულება. საგარანტიო შემთხვევის დროს დაზიანებული „პროდუქციის“ შეკეთების, შეცვლის/ჩანაცვლების ან თანხის დაბრუნების ვადა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც წინასწარ ეცნობება „მყიდველს“.
3.8. იმ შემთხვევაში, თუ „გამყიდველი“ დაადგენს, რომ დაზიანებული „პროდუქცია“ არ ექვემდებარება აღდგენას და საჭიროა მისი შეცვლა/ჩანაცვლება, „გამყიდველის“ მიერ „პროდუქცია“ შეიცვლება/ჩანაცვლდება იმავე მწარმოებლის აკუმულატორით ან იმავე კლასის (მონაცემების/მახასიათებლების) მქონე სხვა მწარმოებლის პროდუქციით. თუ ახალი „პროდუქციის“ ღირებულება აღემატება „მყიდველის“ მიერ გადახდილ თანხას, მაშინ „მყიდველი“ ვალდებულია „გამყიდველს“ გადაუხადოს სხვაობა შესაბამისი ინვოისის/ინვოისების საფუძველზე.
3.9. იმ შემთხვევაში თუ მხარეები ვერ შეძლებენ ურთიერთმოლაპარაკების გზით „პროდუქციის“ საგარანტიო პირობებთან დაკავშირებული დავის მოგვარებას, მხარეები მიმართავენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ „პროდუქციის“ დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, რა დროსაც ექსპერტიზის ხარჯს იხდის „მყიდველი“. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, თუ გამოვლინდა „პროდუქციის“ ქარხნული წუნი, „გამყიდველს“ წარმოეშვება ექსპერტიზის ხარჯის „მყიდველისთვის“ ანაზღაურების ვალდებულება.
3.10. საგარანტიო მომსახურების შედეგად შეცვლილი/ჩანაცვლებული დაზიანებული „პროდუქცია“ წარმოადგენს „გამყიდველის“ საკუთრებას.
4. საგარანტიო ვალდებულებების შეუსრულებლობა
4.1. „გამყიდველი“ თავისუფლდება საგარანტიო ვალდებულებებისგან შემდეგ შემთხვევებში:
4.1.1. თუ სატრანსპორტო საშუალება, სადაც იყო დამონტაჟებული „პროდუქცია“, არ გადიოდა სავალდებულო სარეგლამენტო შემოწმებას საგარანტიო პირობების შესაბამისად „გამყიდველის“ სერვის-ცენტრში;
4.1.2.თუ სატრანსპორტო საშუალებას აღნიშნულ „პროდუქციასთან“ დაკავშირებული მომსახურება მიღებული აქვს სხვა კომპანიის სერვის-ცენტრში;
4.1.3. თუ გაუმართავია სატრანსპორტო საშუალების ელექტრო სისტემა ან/და სატრანსპორტო საშუალებაში დამონტაჟებულ იქნა ისეთი დეტალები, ან მის კონსტრუქციაში შეტანილ იქნა ისეთი ცვლილებები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სატრანპორტო საშუალების მწარმოებლის კომპლექტაციაში (მაგალითად, სიგნალიზაციის, აუდიოსისტემის, ცენტრალური გასაღების, მინების ელექტრო ამწეების, და სხვა მსგავსი ელ.სისტემების მიერთება-დამონტაჟება);
4.1.4. თუ „პროდუქციის“ დაზიანების მიზეზს წარმოადგენს: სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია გადაჭარბებული დატვირთვით, „გამყიდველის“ წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე მოდიფიკაციის ხასიათის ცვლილებების განხორციელება, საექსპლუატაციო წესებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მომსახურების წესების დარღვევა;
4.1.5. თუ „პროდუქციის“ დაზიანება გამოწვეულია „მყიდველის“ გაუფრთხილებელი მოპყრობით, განსაკუთრებით სატრანსპორტო საშუალების არასწორი ექსპლუატაციისას, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს საწარმოო დეფექტად;
4.1.6. თუ „პროდუქციის“ დაზიანების მიზეზს წარმოადგენს გარეგანი მექანიკური ზემოქმედება;
4.1.7. თუ „პროდუქცია“ არ არის დამონტაჟებული/დამაგრებული სატრანსპორტო საშუალებაში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას - საშტატო ბუდეში;
4.1.8. თუ „პროდუქციაში“ მოხვედრილია სხვა ნივთიერებები;
4.1.9. თუ სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც იყო დამონტაჟებული „პროდუქცია“, საგარანტიო მომსახურების გაწევის მიზნით, არ იქნა წარმოდგენილი „გამყიდველის“ სერვის-ცენტრში;
4.1.10. თუ წარმოდგენილი „პროდუქციის“ შტრიხკოდი/სერიული ნომერი ან ეტიკეტი დაზიარებულია ან/და არ შეესაბამება „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP) შევსებულ საგარანტიო დოკუმენტის ნომერს.
4.1.11. თუ აკუმულატორის უწყვეტი მუშაობის დრო აღემატება 5 წამს.